ახალი ამბები | ფერმერთა პორტალი

სამცხე-ჯავახეთში სარწყავი სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობსსიახლეები

15/09/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში, ყაურმა-მამწვარას და მამწვარას სარწყავი სისტემების სათავე ნაგებობის და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ეწყობა წყალაღების ტიპის სათავე ნაგებობები, წყალგამშვები ჭები, მილხიდები; ძველი ამორტიზებული არხი მთლიანად იცვლება და მონტაჟდება მონოლითური ბეტონის არხი.

ყაურმა-მამწვარას და მამწვარას სარწყავი სისტემების კაპიტალური გამართვით, მოირწყვება ნინოწმინდის სამი სოფელი. სოფლების ჯიგრაშენის, ყაურმის და მამწვარას მოსახლეობა სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ 1 315 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.

აღნიშნული სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ შემოდგომაზე დაასრულებს.